თბილისი (BPI) - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. ამის შესახებ PACE–ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიურომ გაითვალისწინა საპროცედურო წესების კომიტეტის მოსაზრება რუსი დეპუტატის ვასილი ლიხაჩოვის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში წინასაპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცა. "ამასთან დაკავშირებით, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველოში ევროსაბჭოს ასამბლეისა და მისი კომიტეტების არც ერთი შეხვედრა არ გაიმართოს", - ნათქვამია PACE–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიურო გააუქმებს გადაწყვეტილებას, თუ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ევროსაბჭოს ასამბლეის ეგიდით ჩასული წევრების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის სხდომა ვენაში 21 ნოემბერს გაიმართა. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. "თედო ჯაფარიძე იქ არის, ამ საკითხებზე მუშაობს. საპროცედურო კომიტეტმა გააკეთა რეკომენდაცია ამის თაობაზე. მართლაც შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში სანქციები დაწესდეს. დიდი რაიმე ღონისძიება ამ პერიოდის განმავლობაში ისადაც არ იგეგმება", - განაცხადა ვოლსკიმ. საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა კი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში ტრაგედია არაფერია. "ეს არის ჩვენი გადასახდელი ფასი, იმ ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. რაც მთავარია, ამ შესაძლო დაგეგმილ ღონისძიებებში არ შედის მონიტორინგის მისიის ვიზიტები საქართველოში", - განაცხადა კუდავამ.
|