საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვან საინფორმაციო არხთან Russia Today-სთან ინტერვიუში. მისი ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან მხოლოდ ქართული სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. იმავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წარმატებული გაუმჯობესება შეინიშნება რუსეთთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, რასაც მან „ტექნიკური ურთიერთობები" უწოდა. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გადაწყვეტილება ქართული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის მოხსნის თაობაზე. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ „მართლაც გაუგებარია" და დასძინა, რომ ეს ნდობის აღდგენის პროცესს აფერხებს. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას და იმავდროულად ნატოში სწრაფვის შენარჩუნებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს „რთული საკითხია". მან განაცხადა, რომ თბილისმა წარმატებას უნდა მიაღწიოს იმაში, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, რომ საქართველოს სწრაფვა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში არ უქმნის საფრთხეს რუსეთს. „ეს ჩვენი ამოცანაა. მე მესმის, რომ ეს რთული იქნება. მაგრამ სწორედ ამისთვისაა საჭირო დიალოგი", – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ შეცდომები ყველა მხარემ დაუშვა, მაგალითად, 90–იანი წლების დასაწყისში, და არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყო უშეცდომო და სუფთა.
|