ორშაბათი, 02 დეკემბერი 2013 10:44 თბილისი (BPI) - ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზნით მოლაპარაკება 5 უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან მიმდინარეობს.ამის შესახებ commersant.ge–ს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მოლაპარაკებებს ის კომპანიებთან პირადად აწარმოებს. თუმცა მათი ვინაობა ხელშეკრულებების ოფიციალურ გაფორმებამდე არ სახელდება. ,,კომპანიების შემოსვლისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მწყობრი სისტემა იყოს მედიკამენტის ხარისხის კონტროლის კუთხით, მხოლოდ ეს მოგვცემს კარის ფართოდ გაღების შესაძლებლობას," – აცხადებს სერგეენკო. მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება მილიარდერ ალექსანდრე მაშკევიჩთანაც და მინისტრი ამ საკითხში პირადადაა ჩართული. Commersant.ge–ს შეკითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას მოლაპარაკებებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დასკვნა, მინისტრი განმარტავს, რომ ის ამ საკითხს არ გაცნობია და მილიარდერთან მოლაპარაკებები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. შეგახსენებთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თანაივესტირების ფონდის ინვესტორების ნაწილს საეჭვო რეპუტაცია აქვს და მათ შორის მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩიცაა მოხსენიებული, რომელიც 2011 წელს ფულის გათეთრებაში იყო ბრალდებული. როგორც ვიუწყებოდით, რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა დააანონსა. მისი განცხადებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძველი ნაცნობები არიან და მათთან უკვე ჰქონდა საუბარი, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად მოხდეს მედიკამენტებზე ფასების დაწევა.
|